ექსპერტის თქმით, მაიკ პენსმა გასული 5 წელი შეაფასა, როგორც ძალიან წარმატებული

ექსპერტის თქმით, მაიკ პენსმა გასული 5 წელი შეაფასა, როგორც ძალიან წარმატებული

ექსპერტ ვატო შაქარიშვილის შეფასებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, ბოლო ხუთი წელი გამოარჩია, როგორც ყველაზე წარმატებული წლები.

მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას ექსპერტმა გაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი მკაფიო მესიჯები და გზავნილები, აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, ბოლო წლების განმავლობაში არ ახსენდება.

„მრავალმხრივ გამორჩეული ვიზიტი იყო. ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ტრიბუნიდან ძალიან კონკრეტული და მკაფიო გზავნილები მივიღეთ, რაც მნიშვნელოვანია. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვიცე-პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანას და მის დღევანდელ ხელისუფლებას, პრემიერ კვირიკაშვილის მეთაურობით, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე მზაობა გამოხატა. მაიკ პენსმა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, ბოლო ხუთი წელი გამოარჩია, როგორც ყველაზე წარმატებული წლები და ხაზი გაუსვა იმ წინსვლას, რასაც საქართველომ მრავალი მიმართულები მიაღწია. ამ წარმატებების ფონზე, მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით განაცხადა, რომ მზად არის თანამშრომლობა გააგრძელოს საქართველოს მთავრობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურის ვიზიტი და ასეთი მკაფიო განცხადებები და გზავნილები, ბოლო პერიდოში, საქართველოს არ ახსოვს. მსგავსი განცხადებები, რომლებიც კონკრეტული შედეგის მომტანია, მე პირადად აშშ-ის მხრიდან ბოლო პერიოდში არ მახსენდება. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჩვენს როლს აღიარებს საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც მნიშვნელოვანი რგოლი და პარტნიორი ქვეყანა გლობალური სტაბილურობის და უსაფრთხოების გზაზე",- განაცხადა ექსპერტმა ვატო შაქარიშვილმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ეწვია.

მნიშვნელოვანი გზავნილები მაიკ პენსის განცხადებებიდან:

დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას;

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ;

რუსეთის ქმედებებს ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტსა და პრეზიდენტის მყარ პოზიციას;

საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია;

აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს;

აშშ გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე, ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას;

აშშ-ის პრეზიდენტმა მომავლინა მარტივი გზავნილით - ჩვენ თქვენთან ვართ!