ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საიმედო და სანდო მოკავშირეა და ქვეყანა რუსეთის აგრესიის პირისპირ არ არის მარტო.
"ჩვენ დიდი გზა განვლეთ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობიდან მოკავშირეობამდე. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია აშშ-სთან თანამშრომლობის ამ უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაღრმავება. ამას ემსახურება ჩვენი ყველა ნაბიჯი. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, შეიძლება ითქვას, ამისთვის ჩვენ თვითონ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს. ჩვენი მუშაობის შედეგიც სახეზეა. საკმარისია მაგალითად მოვიყვანოთ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის გუშინდელი ვიზიტი საქართველოში; საკმარისია გავიხსენოთ ის შეფასებები, რაც მისგან მოვისმინეთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის მხარდაჭერის სახით. საკმარისია გავიხსენოთ მისი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტგრაციის მიმართ. საკმარისია გავიხსენოთ მისი უმაღლესი შეფასება თუნდაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის მზარდ დინამიკასთან დაკავშირებით ბოლო ხუთი წლის განმავლიბაში. პენსის ვიზიტი არის ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის მკაფიო პოზიციის დემონსტრირება. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საიმედო და სანდო მოკავშირეა და საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკვე დაასრულა.