სოფო ქაცარავა:  აშშ რჩება საქართველოს მტკიცე და ერთგულ სტრატეგიულ პარტნიორად

სოფო ქაცარავა: აშშ რჩება საქართველოს მტკიცე და ერთგულ სტრატეგიულ პარტნიორად

კიდევ ერთხელ ვეხმაურები აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ნამდვილად ისტორიულ ვიზიტს საქართველოში, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში და ვიცე-პრეზიდენტის პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისთვის. 

ჩვენ მივიღეთ არაერთი კონკრეტული გზავნილი, რითაც აშშ-ს მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოში მიმდინარე მცოცავი ანექსია და გამოუცხადა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა და ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა. 

აღსანიშნავია აშშ-ს საკვანძო როლი ჩვენი ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიან სწავლებებში კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართ და ხაზს უსვავს ჩვენს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობაში.

ყველა იმ გზავნილმა, რაც გაჟღერდა  ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, ნათლად დაანახა ჩვენს საზოგადოებას, რომ აშშ რჩება საქართველოს მტკიცე და ერთგულ სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც  ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების უპირობო მხარდამჭერია.