პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ბაღების კვირეულს იწყებენ.
კვირეულის პირველ დღეს მათ თბილისის 128-ე და 79-ე ბაგა-ბაღები დაათვალიერეს.
მოსკოვის გამზირზე მდებარე 128-ე ბაღი 2016 წლის იანვარში გაიხსნა. ის ერთ-ერთია იმ 50-მდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან, რომელიც გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობა 2007 წელს ავარიული მდგომარეობის გამო დაანგრიეს, მის აღდგენას ადგილობრივები წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ. ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შემდგარ, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღში ამჟამად 500-ზე მეტი პატარა დადის.
ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩაზე მდებარე 79-ე საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევიდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც 2011 წელს ავარიული მდგომარეობის გამო დაიხურა. აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები ამ დრომდე მე-7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ. 11-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი სკოლამდელი განათლებით ამ ეტაპზე 400-მდე ბავშვს უზრუნველყოფს.
ორივე საბავშვო ბაღის შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ორივე მათგანში კეთილმოწყობილია ეზო და შექმნილია უსაფრთხო გარემო პატარებისთვის.
საბოლოო ჯამში, ამ მიმართულებით თბილისის მერიის სამწლიანი მუშაობის შედეგი 25 ახალი საბავშვო ბაღია: გასულ წელს თბილისში 7 ახალი ბაღი აშენდა და გაიხსნა. ამჟამად მიმდინარეობს 10 ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 5 გაიხსნება სექტემბერში, 5-ის მშენებლობა კი დასრულდება წლის ბოლომდე.
ამავდროულად, შემოდგომამდე 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში თბილისის ბაგა-ბაღების სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, გატარდა კვების ძირეული რეფორმა, რომლის შედეგადაც დედაქალაქის ბაგა-ბაღებისთვის ერთიანი მენიუ შემუშავდა და ყველა ბაღში კვება უზრუნველყოფილია ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად. ასევე, დაინერგა სასკოლო მზაობის პროგრამა, წარმატებით განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება ბაღების ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პროექტი.
ბაღის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რეგულარულად მიმდინარეობს გადამზადება და ლექცია-სემინარები.