საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ინიციატივით მიმართა, აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაინტერესდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.
”შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის, სადაც განხილული იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს იმ ნათელი მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც გაჟღერდა ამ ვიზიტის განმავლობაში. ხაზგასმით აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გზავნილების ეფექტიან იმპლემენტაციას და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების და კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. პოლიტიკური კონსულტაციების არსებული ფორმატების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს შესთავაზა იდეა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო იღებს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიკეთისა და სტაბილურობის მომტანია“,- აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.