თბილისის საზაფხულო ბაღები აღსაზრდელებს დაემშვიდობნენ. 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში მოქმედმა 40-მა ბაღმა 14 ათასამდე აღსაზრდელი მიიღო.
სააღმზრდელო პროცესი, საზაფხულო ბაღების პრინციპიდან გამომდინარე, ნაკლებად იყო დატვირთული საგანმანათლებლო კომპონენტით და მისი დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის გასართობ და სპორტულ აქტივობებს ეთმობოდა, ტარდებოდა მრავალფეროვანი მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიებები.
„საზაფხულო ბაღების პროექტი წელსაც წარმატებით განხორციელდა. სააღმზრდელო პროცესი შეფერხებების გარეშე წარიმართა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თითოეული ბაღის ხელმძღვანელსა და თანამშრომელს,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.
სააღმზრდელო წლის დასრულება საზაფხულო ბაღებმა საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნეს და აღსაზრდელებს მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობნენ, ხოლო მათ, ვინც სექტემბერში სკოლაში მიდის, წარმატებები უსურვეს.