ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საქართველოს ნატო-სთან დაახლოება და საქართველო ერთ დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, - აღნიშნული განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების საფუძველი გახლავთ ძირითადი პრინციპი: შეტევა, თავდასხმა ერთ წევრზე, გულისხმობს ყველა წევრზე თავდახმას. აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე გააჟღერა და მე ჩემი ტურნეს ფარგლებში ხაზს ვუსვამ, რომ აშშ-ი იმოქმედებს ზუსტად იმის საფუძველზე, რასაც აცხადებს. რაც შეეხება საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ს წევრობისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ბატონ პრემიერთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საქართველოს ნატო-სთან დაახლოება, რათა საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდეს”, - განაცხადა მაიკ პენსმა.
ამასთან, როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ-ი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პროგრესს არა მხოლოდ ბოლო 25 წლის, არამედ ხუთი წლის თვალსაზრისით და ამას საქართველოს ნატო-ში მომავალი წევრობის კუთხით უყურებს.
”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთში რუსული ტანკები განლაგებულია დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ვიმყოფებით. აშშ გააგრძელებს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებაში. ვეცდებით, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადღგენას აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, - აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.