დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგი მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას უკრაინაში, საქართველოში და სხვა რეგიონებში, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ”ვაშინგტონ პოსტის” შეკითხვას, რომელიც რუსეთის მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს შეეხებოდა.
ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა იქნებოდა აშშ-ის პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ნატო-ს საზღვრებთან წვრთნებს ჩასატარებლად. ასევე ”ვაშინგტონ პოსტის” კორესპონდენტმა მიმართა მაიკ პენსს, დაიცავდა თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.
”პრეზიდენტმა ტრამპმა გამოგზავნა მე აღნიშნულ ტურნეში, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის, რომ აშშ გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს და ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ქმედებებით ვამტკიცებთ. მაგალითად, პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ამერიკული კონტინგენტი პოლონეთში, ბრიტანული - ესტონეთში, კიდევ ერთხელ თვალნათლივ ასახავს იმას, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ვალდებულებების და მეხუთე მუხლის მოთხოვნების. 100-ათასიანი რუსული კონტინგენტის გადასროლა გახლავთ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორები ერთ პოზიციებზე იდგნენ. პრეზიდენტ ტრამპს და მე ღრმად გვწამს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის იწყება თითოეული პარტნიორის პოზიციების აღიარებითა და პატივისცემით და იმ სანქციებს, რომელსაც ამ კვირას ტრამპი მოაწერს ხელს, ამის მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ნათელ გზავნილს განახორციელებს ყველა ჩვენი მოკავშირის მისამართით, რომ რასაც ვაცხადებთ, ზუსტად იმას ვაკეთებთ”, - აღნიშნა პენსმა.
ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაცია და ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმების მხარდაჭერა, ართულებს პროცესს, თუმცა პენსი დარწმუნებულია, მომავალში რუსეთთან დიალოგის განხორციელება შესაძლებელი იქნება.
”პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ თავის დროზე ამერიკის პოზიციის არამკაფიო განცხადების გამო შეიქმნა ეს რეალობა. ამერიკა ავლებდა წითელ ხაზებს და რეალურად, არ მიჰყვებოდა თავის განცხადებებს, ამან მისცა სხვა მხარეებს თავისებური სიგნალი და გაამხნევა ისინი, რომ ემოქმედათ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან, - მშვიდობა და სიმტკიცე. დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგი მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში”, - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.