ძალიან ბედნიერი ვარ აშშ-ის მეორე ლედის ჩვენთან სტუმრობით, - ამის შესახებ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელმა ნათია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მეუღლე კარენ პენსი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „კამარას“ პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა. მეორე ლედი რამდენიმე პაციენტს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა. კარენ პენსს საქართველოში არტ თერაპიის სიტუაცია „კამარას“ თერაპევტებმა ნათია ფანჯიკიძემ, ნინო კომახიძემ და სალომე ფანჯიკიძემ გააცნეს.
ნათია ფანჯიკიძის თქმით, მას დაახლოებით სამი კვირის წინ აშშ-ის საელჩოდან ესტუმრნენ და უთხრეს, რომ საქართველოში არტ თერაპიის ისტორიას შეისწავლიდნენ.
„არც კი ვიცოდი რისთვის შეისწავლიდნენ ამას. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოწვეული აღმოვჩნდით ამ ღონისძიებაზე, რის გამოც ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ბედნიერებაა როდესაც ადამიანს ესმის იმის არსი, შენ რას აკეთებ, რადგან სულიერი განცდიდან მოდის ჩვენი დაავადებების 97%, თუ მეტი არა“, - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საოცარი სიზუსტით შეირჩა ის ნამუშევრები, რომლებიც გამოიფინა. როგორც ფანჯიკიძემ განმარტა, აღნიშნული ნამუშევრები განსაკუთრებული შინაგანი აუცილებლობიდან იყო დაბადებული და მათმა შემქმნელმა ყოველმა ყოფილმა პაციენტმა თავის ცხოვრებაში დიდი ნახტომი და პროგრესი აჩვენა.
ერთ-ერთი ნამუშევარი - „დაბადება“ წარმოადგინა „კამარას“ ყოფილმა პაციენტმა ლევან ბერუაშვილმა.
“ეს არის ჩემი დაბადება. გარკვეულწილად პრობლემები მქონდა წლების განმავლობაში, ფაქტობრივად გაყინული ვიყავი, მაგრამ „კამარასთან“ ურთიერთობის შემდეგ მოვიდა ის წამი, როდესაც დავიბადე. როგორც მეორე ლედიმ მითხრა, როდესაც ამ ნამუშევრის ფოტო უნახავს, ძალიან მოუნდა გაეცნო ადამიანი, ვინც ეს შეასრულა“, - აღნიშნა ლევან ბერუაშვილმა.
კარენ პენსიმ ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე დატოვა. ცოტა ხანში ის თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ მხატვარ ოლესია თავაძეს შეხვდება, რომელიც ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს.