აშშ-ის მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში უმნიშვნელოვანესია

აშშ-ის მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში უმნიშვნელოვანესია

აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის ძალიან აფასებს ამერიკის მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„უპრეცენდენტო იყო პრეზიდენტ ტრამპის, პირადად თქვენი ბატონო ვიცე პრეზიდენტო, ასევე ახალი ადმინისტრაციის და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენს ქვეყანას აქვს. აშშ დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისევე, როგორც კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით.

საქართველო ამერიკისთვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს. ამერიკამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენი დემოკრატიული განვითარება კი წინაპირობა გახლავთ იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ მდგრადი და სტაბილური სახელმწიფოს განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.