საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე

საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე

საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე - ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პენსის განცხადებით, ის მოხიბლულია და მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქრისტიანულმა ტრადიციებმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

”დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმ სტუმარ-მასპინძლობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და ჩემი მეუღლის მიმართ. ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ახლა ჩემი ვიზიტი ამ ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ გვერდზე ვდგავართ, ქართველი ხალხის გვერდზე. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ამერიკა ნომერ პირველია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტო გახლავთ ამ გზაზე, ამერიკა ქართველი ხალხის გვერდზე დგას. წელს აღვნიშნავთ 25 წლის იუბილეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. საქართველო იმყოფება ერებისა და ცივილიზაციების გზაგასაყარზე. ათასწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანამ შექმნა უმდიდრესი ტრადიციები, გააჩნია საკუთარი ენა, თვითმყოფადობა. გუშინ საღამოს პირველად ვეზიარე ქართულ სუფრას, სამზარეულოს, ტრადიციულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური, ოსური სიმღერები და ცეკვები. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა, ჩვენ ველით დღეს შეხვედრას პატრიარქთან სიონის საკათედრო ტაძარში”, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოსთან.

”მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი. საქართველომ ხელი გაუწვდინა დასავლეთის და ევროპის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას და კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები”, - აღნიშნა მაიკ პენსიმ.