საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად შეხვდება და მიმართავს წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ ქართულ და ამერიკულ კონტიგენტს , - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანაშრომლობის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს და ასევე წარმოადგენს მის ხედვას საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.
„მოგეხსენებათ, რომ თავისთავად ეს წვრთნები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიმართულია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ჩვენი ნატო-სთან თავსებადობის ასამაღლებლად. პრეზიდენტს ექნება მიმართვა შეიარაღებული კონტიგენტისათვის, სადაც ის ბუნებრივია, ხაზს გაუსვამს, როგორც ჩვენს სამხედრო თანაშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრებს და წარმოადგენს მის ხედვას საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოს ირგვლივ.
საქართველოს პრეზიდენტს მანამდე ექნება კომუნიკაციის საშუალება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტთან, სადაც განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავლთან“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.