ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ლედი კარენ პენსი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" პაციენტებსა და თერაპევტებს ხვდება. კარენ პენსი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფება, სადაც "კამარას" რამდენიმე პაციენტს გაესაუბრება და მათ ნამუშევრებს დაათვალიერებს.
კარენ პენსს საქართველოში არტ თერაპიის სიტუაციას გააცნობენ"კამარას" თერაპევტები: ნათია ფანჯიკიძე, ნინო კომახიძე და სალომე ფანჯიკიძე. ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ლედის რანგში, კარენ პენსის ინიციატივაა მხარი დაუჭიროს არტ თერაპიას. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, კარენ პენსი ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს არტ თერაპიის დამკვიდრებასა და განვითარებას მთელს მსოფლიოში, ნახულობს არტ თერაპიის ცენტრებს და ხვდება არტ თერაპიის ექსპერტებს. მისი მიზანია აღნიშნული პროფესიის წარმოჩენა, ისე რომ საზოგადოებისთვის გასაგები გახდეს - არტ თერაპია დამოუკიდებელი დისციპლინაა. დაეხმაროს ადამიანებს შეიტყონ, რომ არტ თერაპია შესაძლებელია გამოიყენონ სხვადასხვა სიტუაციებში, ცხოვრებისეული განცდებისა და დაავადებების სამკურნალოდ. კარენ პენსის მიზანია წაახალისოს უფრო მეტი ახალგაზრდა, აირჩიონ ეს პროფესია.
დღესვე, კარენ პენსი თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) მხატვარ ოლესია თავაძეს შეხვდება, რომელიც ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. იგი რობერტ ფროსტის ლექსების ინსპირაციით შექმნილ ნახატების გამოფენას დაათვალიერებს.