აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან მივიღეთ სრულიად მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებასთან და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მაიკ პენსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“იყო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერის მკაფიო პოლიტიკას, რაც ყველაზე დიდი გარანტიაა იმისა, რომ საქართველო მომავალში აუცილებლად იქნება ერთიანი, აუცილებლად იქნება ნატო-ს წევრი და ისევე დაცული და წარმატებული ქვეყანა, როგორც დღეს არის ესტონეთი, საიდანაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა და როგორიც არის მონტენეგრო, სადაც საქართველოდან მიდის. მაიკ პენსის ვიზიტის მესიჯები, მარშუტი ცალსახად ადასტურებას აშშ-ს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.
მისივე ინფორმაციით, ოპოზიციასთან შეხვედრისას იყო ღია საუბარი და მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხის მიმართ.
დავით ბაქრაძის თქმით, საუბარი შეეხო ქვეყნის შიდა დემოკრატიულ განვითარებას და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს.
“აშშ-ს გააჩნია დიდი ინტერესი, რომ საქართველო იყოს სტაბილური დემოკრატია. სტაბილური დემოკრატია არის გასაღები ჩვენი უსაფრთხოების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეკონომიკური განვითარების. ყველაფერი სწორედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე დგას”, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.