ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან

ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი სურვილია საქართველოსა და აშშ-ს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია შეასრულოს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა. 

”მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე.

1990-იან წლებში ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლა თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. სწორედ ამ დროს მომეცა შესაძლებლობა, ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში, როგორც მასკის სტიპენდიატს გამეგრძელებინა. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამა იყო.

ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა. მათ პირველი დღიდან მიმიღეს საკუთარ ოჯახში და დღემდე ამ დიდი, ამერიკული ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა სამშობლოში დაბრუნებულს სახელმწიფო სამსახურში არაერთხელ დამხმარებია, რასაც იქ ყოფნის დროს ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს შეგრძნება ყოველდღიურად მეხმარება. ის განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა; რომ ის, რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, ”ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან”. ”ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, საქართველო აკვირდებოდა თქვენს ვიზიტს ესტონეთში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელით აღნიშნეთ, რომ “ამერიკის პირველ რიგში” არ ნიშნავს “მარტო მყოფ ამერიკას” - ჩვენ, ქართველები ამ შთამბეჭდავ განცხადებას ვაფასებთ. 
მეგობრებო, ვიცე-პრეზიდენტო პენს, ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან”, - აღნიშნა პრემიერმა.