2 აგვისტოს ილია II-ის ანგელოზის დღეა

2 აგვისტოს ილია II-ის ანგელოზის დღეა

2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა.

მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 18:00 საათზე დაიწყებს, საღმრთო ლიტურგიას კი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 2 აგვისტოს, 10:00 საათზე.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსურველებისთვის ავტობუსები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 09:00 საათზე გავლენ.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. წინასწარმეტყველ წმინდა ილია თეზბიტელის მამამ ჩვენება იხილა: ახალშობილ მის შვილს ანგელოზები ცეცხლის ალში ხვევდნენ და ცეცხლით კვებავდნენ. ილია თეზბიტელმა სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. მან ისრაელის მეფე აქაბი ბაალის კერპთაყვანისმცემლობისთვის ამხილა, რის გამოც დედოფალ იეზაბიელისგან იდევნებოდა. წმ. ილიამ იწინასწარმეტყველა, რომ კერპთაყვანისმცემლობისთვის ქვეყანას ღმერთი გვალვით დასჯიდა. სამწლიანი გვალვის შემდეგ უფალმა წმ. ილიას ლოცვა შეისმინა.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით ზეცაში იქნა ატაცებული. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად წინასწარმეტყველ ენოქთან ერთად მოვა და ხორციელ სიკვდილს დაითმენს.

საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907წწ) საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.