მაიკ პენსის დასახვედრად მისული მოქალაქეები აეროპორტის ტერიტორიაზე შეუშვეს

მაიკ პენსის დასახვედრად მისული მოქალაქეები აეროპორტის ტერიტორიაზე შეუშვეს

მოქალაქეები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დასახვედრად მივიდნენ, აეროპორტის ტერიტორიაზე დააბრუნეს.

ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური შემოწმების შემდეგ შედიან. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და სწორედ ამას უკავშირდება აეროპორტში მათი მისვლა.

მოქალაქეები აეროპორტის ტერიტორიაზე დაახლოებით 17:00 საათზე მივიდნენ. შემდეგ მათ, ამერიკული მხარის მოთხოვნით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერიტორია დაატოვებინეს.

როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნილია და, შესაბამისად, ხალხის დაბრუნება მოხდა ტერიტორიაზე. მისივე თქმით, იქ შეკრებილი ხალხი ვიცე-პრეზიდენტს მიესალმება.

”უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნილია. ხალხი მიესალმება ვიცე-პრეზიდენტს, რის შემდეგაც აეროპორტის ტერიტორიას დატოვებს ესკორტით. ეს იყო ტექნიკური საკითხი. ამერიკული მხარე თვლიდა, რომ ხალხი საკმაოდ ახლოს იქნებოდა ვიცე-პრეზიდენტთან და შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა რაიმე ექსცესს, თუმცა ჩვენ დავარწმუნეთ ისინი უსაფრთხოებაში და წამოვიდნენ დათმობაზე, რომ ხალხი მიესალმებოდა ვიცე-პრეზიდენტს”, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.