საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ,მიხეილ ყაველაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სემინარში, რომელიც ანტიდოპინგური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით გაიმართა მიმდინარე წლის 26-28 ივლისს, სასტუმრო „კოპალაში".
სემინარის მონაწილეებმა მოისმინეს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) შესაბამისობის უფროსი მენეჯერის, ემილიანო სიმონელის; პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს დირექტორის მოადგილის, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს სპეციალური ევროკომიტეტის (CAHAMA) თავმჯდომარის, მიხაილ პიეჩოტას; ევროსაბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, ქრისტიან ურსეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძის და სხვათა მოხსენებები სპორტში დოპინგის გამოყენების აღმოფხვრისა და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ, პავლე კასრაძემ საქართველოში ანტიდოპინგური სისტემის შესახებ ისაუბრა. სემინარზე განიხილეს არასამედიცინო მედიკამენტებით მომარაგების შეზღუდვისა და მოთხოვნის მინიმალიზაციის საკითხი; დოპინგის პრევენციისა და კონტროლის საქმეში საქართველოს ხელისუფლების, ასევე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ორგანიზაციების როლსა და პასუხისმგებლობაზე.
ისაუბრეს საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან და დადებულ ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოყვანისა და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკური ვალდებულებების შესახებ, რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა. უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „ჩვენთვის, ყოველთვის მიუღებელი იყო სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტები, რითაც ზიანდებოდა როგორც ქვეყნის, ასევე სპორტის კონკრეტული სახეობების იმიჯი.
„მისასალმებელია, რომ მზადდება დოპინგსაწინააღმდეგო ჩანაწერები და იგი ასახული იქნება ქართულ კანონმდებლობაში. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიდოპინგული სააგენტოს დაფინანსების საკითხს, მისი ფუნქციების შედეგიანად განსახორციელებლად", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სემინარი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგენით ოლიმპიური სოლიდარობის ფონდმა დააფინანსა. მასში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს, ევროსაბჭოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის და ევროსაბჭოს სპორტული კონვენციების დეპარტამენტის წარმომადგენლები.