მერობის კანდიდატებმა არა „ხრუშჩოვკებზე“, არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ

მერობის კანდიდატებმა არა „ხრუშჩოვკებზე“, არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ

მერობის კანდიდატებმა არა „ხრუშჩოვკებზე“, არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ, - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინიციატივას, „ხრუშჩოვკების“ ეტაპობრივად ჩანაცვლების შესახებ.

გიგი უგულავა დედაქალაქის მომავალ მთავრობას ურჩევს მოიფიქროს, „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მსგავსი პარტნიორობის მოდელი.

„იგივეს „ოცნების“ პორტირებული ფალავანი ირაკლი შიხიაშვილიც ამბობდა რამდენიმე წლის წინ. მან "არაბებთან" მემორანდუმიც კი გააფორმა.

ყველა "ხრუშჩოვკა“ არ არის ავარიული. შესაბამისად, ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა ძალიან სახიფათო პოპულიზმია. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ან დიღმის „ხრუშოვკებში“ - ეს მოსახლეობის ნერვიულობას გამოიწვევს. ხოლო, მოსკოვის გამზირზე მორიგ იმედგაცრუებას. მერობის კანდიდატებმა არა „ხრუშოვკებზე“, არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ (შესაბამისი სია მერიაში არსებობს). ძეგლი სხვაა, „ხრუშოვკა“ სხვაა და 80-იანებში აშენებული 16 სართულიანი ვარკეთილის ავარიული კორპუსები კიდევ სხვა.

აუცილებელია „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მსგავსი პარტნიორობის მოდელი, რომელიც არა ტერიტორიულ ერთეულ „ძველ თბილისზე“, არამედ მიზნობრივად ავარიულ შენობებზე იქნება ფოკუსირებული (შენობების სტატუსის გათვალისწინებით დიფერენცირებული).

ეს ყველაფერი შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც „ოცნების“ მთავრობამ ვერ უზრუნველყო. ანტისამშენებლო ისტერია, რომელსაც „ოცნებაც“ აღვივებს - მშენებლობებმა დაგვანგრიეს - ამ პროექტს მხოლოდ ძირს უთხრის.

და ბოლოს, ყოველთვის ყველაზე სახიფათო სახელისუფლებო კანდიდატის პოპულიზმია“, - წერს გიგი უგულავა.