კახა კალაძე:  თბილისის ყველა პრობლემა გადასაწყვეტია და მათ რიგითობაზე საუბარი უადგილოა

კახა კალაძე: თბილისის ყველა პრობლემა გადასაწყვეტია და მათ რიგითობაზე საუბარი უადგილოა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ე.წ. ხრუშოვკების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს.

 კახა კალაძე განმარტავს, რომ თბილისის ყველა პრობლემა გადასაწყვეტია და მათ რიგითობაზე საუბარი, უადგილოა.

 „თბილისის პრობლემების მოგვარებაზე საუბრის და დაგეგმვის ექსკლუზივი არავის აქვს. აქ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის აქტივისტების ჭარბი შემოჭრა, ალბათ უფრო ბავშვური რეაქციაა, ან ყურადღების მიქცევის მცდელობა. როცა გულწრფელად გინდა გადაარჩინო თბილისი, იქ პრობლემების რიგითობაზე და გამოცხადების მომგებიანობაზე ნაკლებად ფიქრობ. თბილისის პრობლემები ყველა პირველია და ყველა გადასაწყვეტია“, - აცხადებს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერობის კანდიდატის აზრით, თანამედროვე შენობებით „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების საჭიროება პოლიტიკის მიღმაა და მმართველ გუნდს პოპულიზმის დრო არ აქვს.

„ოპონენტებმა დანომრონ, ჩვენ ვიმუშავებთ. მთავარი ისაა, რომ მალე თბილისში „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე შენობებით დაიწყება. ეს საჭიროება პოლიტიკის მიღმაა. პოპულიზმისთვის ჩვენ არ გვცალია. ხუთი წელი ვმუშაობდი და შემდეგი ხუთჯერ ხუთი და მეტი წელიც იგივეს ვაპირებ. „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ - ვერ ასრულებდით, მაგრამ იმედია გახსოვთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ დედაქალაქში ე.წ ხრუშოვკების ეტაპობრივი ჩანაცვლების შესახებ საკუთარ გუნდთან ერთად, კონკრეტული პროექტი აქვს მომზადებული, რამაც ოპონენტების მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკული შენიშვნები მოჰყვა. საუბრის დასასრული