მაიკ პენსის ვიზიტი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე

მაიკ პენსის ვიზიტი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე

მაიკ პენსის ვიზიტი და მისი რეგიონული შემადგენელი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე, - აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისივე შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. რომან გოცირიძის თქმით, ქართველი ხალხი გრძნობს იმ მუდმივ თანადგომას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსადმი იჩენს.

"ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა უდიდესია ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი დემოკრატიული განვითარების, ასევე ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხით. რაც შეეხება ვიზიტის გეოგრაფიულ მოხაზულობას, იგი როგორც პრაგმატული, ასევე სიმბოლური დატვირთვისაა. ბალტიისპირეთი, კერძოდ, ესტონეთი (სადაც ჩავა ასევე ბალტიის დანარჩენი ორი ქვეყნის ლიდერი), საქართველო და ჩერნოგორია - ქვეყნების ეს ჯგუფი არაა შემთხვევით შერჩეული. საერთო ამ ქვეყნებისათვის არის მათი სოციალისტური წარსული და ის გზა, რომელიც მათ გაიარეს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ესენი ნატო-ს ახალი წევრები არიან. ჩერნოგორია სულ ახლახან მიუერთდა ამ ალიანს. საქართველოსთვის ეს არის სიგნალი, რომ შემდეგი ის შეიძლება იყოს. საერთო არის ისიც, თუ რა მწვავედ რეაგირებდა რუსეთი ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებაზე და ახლა იგივეს აკეთებს საქართველოს მიმართ, უფრო მკაცრი და უხეში ფორმით. ეს ვიზიტი და მისი რეგიონული შემადგენელი გზავნილია ასევე რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე და ეს მაშინ მოხდება, როცა ქვეყანა მზად იქნება ამისთვის. ვიზიტის ფარგლებში ამ ქვეყნების უსაფრთხოების ( მათ შორის სამხედრო კომპონენტის) გაძლიერების საკითხები იქნება განხილული. საფრთხე კი რუსეთიდან მოდის. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი ნატო-ს ეგიდით საქართველოში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს დაემთხვა. ძალიან ბევრი სიგნალია ამ ვიზიტში რუსეთის მიმართულებით"- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რომან გოცირიძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის ფარგლებში ცალკეულ პარტიასთან შეხვედრა არ არის დაგეგმილი, ვიცე პრეზიდენტი შეხვდება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თითო წარმომადგენელს ერთად.

"ნაციონალური მოძრაობა" წარმოდგენილი იქნება პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სახით. "მრავალი საკითხები იქნება წამოწეული ამ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან. გვექნება პირდაპირი საუბარი ყველაფერზე, რაც ჩვენი მთავარი სატკივარია. პირველ რიგში, ხელისუფლების უმოქმედებაზე და უსუსურობაზე, წინ აღუდგეს რუსეთის მხრიდან წარმოებულ ე.წ. ჰიბრიდულ ომს, ვისაუბრებთ რუსეთისა და პრორუსული და პროფაშისტური ძალების გავლენის ზრდაზე საქართველოში, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით იმ მახინჯი მმართველობის ფორმის ჩამოყალიბებას, რომელსაც უკვე ყველა მოიხსენიებს როგორც არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობად. მწვავედ დავსვამთ კონსტიტუციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების შესახებ, სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობის პრობლემას, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების შემთხვევებში, მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესში. ეს ასევე ეხება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ოპოზიციის პოლიტიკური დევნის პროცესში სასამართლოს უკიდურესად ცუდ როლს. არც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკიური დევნის საკითხებს დავტოვებთ უყურადღებოდ. ამ დევნაში უკვე უკრაინის ხელისუფლებაც ჩაერთო. ორივე ხელისუფლებას ერთი მიზანი ამოძრავებს: პოლიტიკური ოპონენტის, მთავარი კონკურენტის უკანონო გზით განდევნა ასპარეზიდან. არანაკლებ სახიფათოა ის, რაც ხდება მედიაპრულარიზმის შემცირების კუთხით. ფაქტობრივად, მედიასაშუალებების უმეტესობას მთავრობა და ოლიგარქი აკონტროლებს. ეს და კიდევ მრავალი სხვა საკითხი იქნება მსჯელობის საგანი. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებას ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს საერთაშორისო ზეწოლა და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან. ეს უნდა იგრძნოს ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმაც. უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის დასუსტება და დემოკრატიული პროცესებიდან უკან დახევა არ იქნება დაუსჯელი და ყველას დაეკისრება როგორც ქართველი ხალხის მხრიდან, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თავის წილი პასუხისმგებლობა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.