საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ძალიან მაღალი დონეა

საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ძალიან მაღალი დონეა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ხვალინდელ ვიზიტს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებს. როგორც ჯანელიძემ ”ინტერპრესნიუსის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ძალიან მაღალი დონეა და რომ საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას შორის კარგი ურთიერთგაგებაა ჩამოყალიბებული. მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ კარგ ურთიერთობას ადასტურებს არა მხოლოდ პენსის ოფიციალური ვიზიტი, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც აშშ საქართველოსთან მიმართებით იღებს.

”ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ადრეულ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანი გზავნილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტი ხორციელდება ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის შორის პარტნიორობის ძალიან მაღალ დონეს და რომ საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას შორის კარგი ურთიერთგაგებაა ჩამოყალიბებული. ეს გამოხატულია არა მხოლოდ ამ ვიზტით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აშშ-ის ვიცე პრეიზდენტი მაიკ პენსი ოფიციალური ვიზიტით ხვალ საქართველოში ჩამოდის.