დარწმუნებული ვარ, „ღირსეული პარტნიორის“ შედეგად მიღებულ გამოცდილებას, მონაწილეები მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ

დარწმუნებული ვარ, „ღირსეული პარტნიორის“ შედეგად მიღებულ გამოცდილებას, მონაწილეები მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ

დარწმუნებული ვარ, ,,ღირსეული პარტნიორის“ შედეგად მიღებულ გამოცდილებას, მასში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალები, მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანში, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ გახსნაზე განაცხადა.

სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, „ღირსეული პარტნიორი“ გზავნილით „ძალა პარტნიორობაშია“, საქართველო უკვე მესამედ იმართება. პრემიერის შეფასებით, ძალიან საამაყოა, რომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ სახელს ატარებს, რაც უკავშირდება ქართველი ჯარისკაცების თავდადებულ ბრძოლას მსოფლიოში მშვიდობისთვის.

"სწორედ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მიიჩნევს დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად ყველა ჩვენი პარტნიორი. საქართველოში უკვე მესამედ ტარდება სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ და მისასალმებელია, რომ ამჯერად ეს სწავლება კიდევ უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს სწავლება ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნის და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იქნება მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოების და მეტი სტაბილურობის გარანტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც, თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და საქართველოსთან, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მასში ჩართული არიან გერმანია, თურქეთი, სლოვენია, უკრაინა და სომხეთი. ამასთან, გერმანია სამხედრო ტექნიკით წელს პირველად ჩაერთო სწავლებაში.

"რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა თანამედროვე საბრძოლო უნარ-ჩვევების შესაძენად და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩვენი სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ასეთი თანამშრომლობა აყალიბებს ურთიერთნდობას სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის, სწორედ ასეთი სწავლების დროს ეყრება საფუძველი თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რაც არის კიდეც მსგავსი სწავლების ძირითადი მიზანი. ამასთან ერთად, სამხედრო სწავლება კიდევ უფრო გააძლიერებს მასში მონაწილე ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების თავსებადობას. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყოველ წელს იზრდება. სწორედ ისინი გვიდგანან გვერდში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, ჩამოყალიბდეს სტაბილურ ქვეყნად თანამედროვე და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა საქართველოს მიერ, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში სსეტანილ ღირსეულ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი სახელმწიფოა ავღანეთში, სადაც 870-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჩვენმა სამხედროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის სანდო და ღირსეული პარტნიორი, რომლის ნდობაც ნებისმიერი გამოწვევის დროს შეიძლება.

„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. სტუმრებმა და ღონისძიებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.