ქართველი მეწარმეები პროდუქციის პოპულარიზაციას ევროპის მეწარმეთა ქსელის მეშვეობით შეძლებენ

ქართველი მეწარმეები პროდუქციის პოპულარიზაციას ევროპის მეწარმეთა ქსელის მეშვეობით შეძლებენ

დღეს ,,ტექნოპარკში“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“-ს შორის,  ევროპის მეწარმეთა ქსელის (EEN) პლატფორმის გამოყენების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ევროპის მეწარმეთა ქსელის გამოყენებით მოხდეს ქართველ მეწარმეთა  პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სავაჭრო მისიების/ფორუმების ინიცირება/ორგანიზებაში მონაწილეობა.

ევროპის მეწარმეთა ქსელი 600-ზე მეტი ორგანიზაციის დახმარებით 67 ქვეყანაში ოპერირებს. მასში ჩართულ კომპანიას საშუალება მიეცემა, გაავრცელოს და მიიღოს ბიზნესწინადადებები და საპარტნიორო შეთავაზებები პლატფორმაში გაწევრიანებული ათასობით უცხოური კომპანიისგან.

როგორც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია აღნიშნავს,  პლატფორმა საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს საქართველოში ბიზნესის განვითარებასა და მეწარმეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

,,ევროპის მეწარმეთა ქსელში ჩვენი მეწარმეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროდუქციის რეალიზაციისა და  ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით. აღნიშული პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სამივე სახელმწიფო უწყება, პროაქტიურ რეჟიმში მივაწვდით ინფორმაციას  ჩვენს მეწარმეებს იმ სარგებლის შესახებ, რასაც EEN მათ სთავაზობს. მეწარმეებს ასევე დავეხმარებით რეგისტრაციის პროცესში“, - აღნიშნა მარიანა მორგოშიამ.

,,ჩვენ ერთიანი ევროპული საწარმოების  ქსელის ბენეფიტებს  საშუალებას ვაძლევთ,  მიიღონ და გაავრცელონ საჭირო ინფორმაცია. მემორანდუმში მონაწილეობას იღებს ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.  არაერთ ქართული ორგანიზაციაა,  რომელსაც  ევროპაში თავისი პროდუქტის გატანა ან ევროპიდან შემოტანა სურს.  ამ პროცესში  ევროპულ და ქართულ ბიზნესსაწარმოთა შორის მუშაობა სინქრონიზებული უნდა იყოს, სწორედ ამას ემასხურება აღნიშნული პლატფორმა“, - განაცხადა  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ზვიადაძემ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ნინო ჩიქოვანის შეფასებით კი ,,მოიძიე პარტნიორი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ეს მემორანდუმი კი ქართულ კომპანიებს  ხელს შეუწყობს, ჩაერთონ ევროპის მეწარმეთა ქსელში.

,,ამ პლატფორმაში გაწევრიანებით სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელს შეუწყობს კომპანიებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში, რომ  თავიანთი პროდუქციის და კომპანიის პოზიციონირება  ევროპის ყველაზე დიდ მეწამეთა ქსელში შეძლონ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სააგენტოებს, ვისთან ერთადაც  მემორანდუმი გავაფორმეთ“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

ევროპის მეწარმეთა ქსელის სერვისების მიღება შეეძლება ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც შეავსებს een-georgia.ge ვებ-გვერდზე განთავსებულ აპლიკაციას და მიმართავს een-georgia -ს კონსორციუმის წევრ შემდეგ ორგანიზაციებს: სააგენტ„აწარმოე საქართველოში“, სსიპ-ს „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“.