სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კომისიაში პროცესების პოლიტიზება არ შეიძლება

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კომისიაში პროცესების პოლიტიზება არ შეიძლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ სამთავრობო კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს.

მისივე თქმით, ეს კომისია, არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზების დაშვება.

„ჩვენ ყოველთვის გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური დებატი გავმართოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული კონკურსი და  სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მაქვს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილების საფუძველზე, ვთვლი, რომ არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზირება დავუშვათ ან ასეთი რამ მოხდეს. ამიტომაც, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს. ძალიან დასანანია, რომ საიას თავმჯდომარე როგორც კოალიციის წარმომადგენელი და ძალიან ღირებული წევრი ჩვენი კომისიისა, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ 26 აგვისტომდე, როდესაც ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და კონკურსის სამუშაო პროცესი განვაგრძოთ, ეს პოზიცია შეიცვლება და კოალიცია კვლავ შემოუერთდება საკონკურსო პროცედურებს.

არც ერთ წევრ სახელმწიფოში არ ხდება, რომ  სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი შეარჩიოს არა სახელმწიფომ და სამთავრობო კომისიამ, შესაბამისად არ არსებობს ამის პრაქტიკა.

ჩვენი კომისია ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. მის მიერ ჩატარებული პროცედურა უკვე მეორედ, შეფასებული იქნა როგორც დადებითი. ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით. თუკი იქნება გაუმჯობესების სხვა იდეები, როგორც აქამდე გაგვიზიარებია მათ შორის საია-ს პოზიცია, მომავალშიც მზად ვართ, ისინი გავიზიაროთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.