პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ”ნაცმოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმა მიაყენოს კონსტიტუციასა და პარლამენტს

პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ”ნაცმოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმა მიაყენოს კონსტიტუციასა და პარლამენტს

პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლების თავხედობა გამოწვეულია ორი მიზეზით - პირველი, ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის პიროვნული გაღიზიანება და მეორე - კონსტიტუციისა და კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაცია, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს.

”პირველ შემთხვევაში გაღიზიანება გამოწვეულია მათივე არაკომპეტენტურობით. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა პირდაპირ ეთერში დამჯდარიყო ირაკლი კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაზე სასაუბროდ. ასევე ბოლო ვეტოებთან დაკავშირებით ის გააღიზიანა ირაკლი კობახიძის ამომწურავმა არგუმენტებმა, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს და საპასუხოდ მხოლოდ ლანძღვის ნიაღვარი ვნახეთ. რაც შეეხება მეორე მიზეზს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ”ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმები მიაყენოს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული კონსტიტუციური რეფორმა და მისი თანმდევი პოზიტიური პროცესები, რომელმაც ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თვისობრივად სხვა ქვეყანაში ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. როდესაც მსგავს პროცესებს, არგუმენტების ნაცვლად, ულტიმატუმებს, შეთქმულების თეორიებს და ლანძღა-გინებას უპირისპირებენ, ეს ყველაფერი მხოლოდ წარმატებაზე მიუთითებს”, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძის გამოსვლა რამდენჯერმა შეაწყვეტინა, მიუთითა, რომ მისი მოსაზრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მას, როგორც საჯარო მოხელეს, პარლამენტში ამ ფორმით დისკუსიის გამართვის უფლება არ ჰქონდა.

ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის შარიკოვი.