რომან კაკულია OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

რომან კაკულია OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრეს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრედერიკ ჯენიმ.

შეხვედრაზე  ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას კონკურენტულ გარემოსთან მიმართებაში. ფრედერიკ ჯენის თქმით, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს იმ ზოგადი სიტუაციის შეფასება, რომელიც კონკურენციასთან მიმართებაში არსებობს საქართველოში. ხდება  იმ ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებზეც  მთავრობამ უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა თავისუფალი, ღია ბაზრის შემთხვევაში ნამდვილად არსებობდეს რეალური კონკურენცია, რომლის გარეშეც ღია ბაზრის პრინციპების ეფექტურობა ვერ მიიღწევა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობაში უნდა აისახოს, რისთვისაც ექსპერტები კონკურენციის სააგენტოსთან ერთად შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებენ.

რომან კაკულიამ სტუმარს  ქვეყანაში კონკურენციასთან არსებულ სიტუაციასთან  დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარა. მოისმინა  OECD-ის წარმომადგენლის მიმოხილვა ანალოგიურ პრობლემების მქონე ქვეყნებში მსგავსი სააგენტოების მუშაობასთან დაკავშირებით. ფრედერიკ ჯენის თქმით, კონკურენციის თემაზე მომუშავე ინსტიტუციას - კონკურენციის სააგენტოს, გაცილებით მაღალი ხარისხის ლეგიტიმაცია და დაცულობა უნდა ჰქონდეს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს პოტენციური ინვესტორებისათვის კონკურენტული გარემოს არსებობა. 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე უახლოეს დღეებში მიღებს ექვსი თვის მუშაობის შედეგად მომზადებულ ანგარიშს. ამის შემდეგ ერთობლივად  გააგრძელებენ მუშაობას საქართველოში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად საჭირო  საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა" პროექტის გუნდის ხელმძღვანელი აურელიო ლა ტორე, წამყვანი ექსპერტი  ეკონომიკის დარგში ფრანსუა სუტი, პროექტის წამყვანი ექსპერტი, დიანა ბაიალოვიჩ-მარკოვიჩი,  საქართველოს კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და პროექტის თანაშემწე ანა სანიკიძე.