სააკაშვილი შესაძლოა, ლიტვის მოქალაქე გახდეს

სააკაშვილი შესაძლოა, ლიტვის მოქალაქე გახდეს

ლიტვაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ლიტვური მედია ევროპარლამენტარ პიატრას აუშტრიავიჩიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ლიტვის მოქალაქეობის მიღება კომპლექსური პროცესია. საკითხის სამართლებრივი რეგულირება სერიოზულია, თუმცა, მე ამ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ", - ციტირებს ლიტვური მედია აუშტრიავიჩიუსს.

ამასთანავე, ევროპარლამენტარი გამოდის ინიციატივით, სააკაშვილს მიეცეს ბინადრობის ნებართვა, რათა მან შექმნას "პოლიტიკური ანალიზისა და კონსულტაციების რაიმე სახის ორგანიზაცია".

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ინფორმაცია 26 ივლისს გავრცელდა. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილს მოქალაქეობა ოფიციალურად ჩამოართვა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოტივად უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის შევსებისას სააკაშვილის მიერ არასწორი მონაცემების შეტანა სახელდება. ამ ბრალდებას ექსპრეზიდენტი უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება.

უკრაინის პრეზიდენტმა 2015 წლის 30 მაისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და იმავე დღეს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. 2016 წელს სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციის მხარდაჭერასა და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა და უკრაინის რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლა დაიწყო.