პოროშენკოს მრჩეველი სააკაშვილის მხარეს დადგა

პოროშენკოს მრჩეველი სააკაშვილის მხარეს დადგა

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველია, ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას უარყოფითად აფასებს.

"პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა - ეს ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება", - წერს ბილდტი ტვიტერზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ინფორმაცია 26 ივლისს გავრცელდა. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილს მოქალაქეობა ოფიციალურად ჩამოართვა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოტივად უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის შევსებისას სააკაშვილის მიერ არასწორი მონაცემების შეტანა სახელდება. ამ ბრალდებას ექსპრეზიდენტი უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება.

უკრაინის პრეზიდენტმა 2015 წლის 30 მაისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და იმავე დღეს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. 2016 წელს სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციის მხარდაჭერასა და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა და უკრაინის რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლა დაიწყო.

საინტერესო დამთხვევა მოხდა 26 ივლისს – სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ამჟამად საქართველოს მოქალაქისა და ქობულეთში მცხოვრები ლეონიდ ჩერნოვეცკის დაპატიმრების ნებართვა გასცა.