NDI ცდილობს, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ მეორე ტური გარდაუვალია, რაც არ არის რეალური

NDI ცდილობს, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ მეორე ტური გარდაუვალია, რაც არ არის რეალური

NDI ცდილობს, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ მეორე ტური გარდაუვალია, რაც არ არის რეალური და მინდა დაგარწმუნოთ, რომ არჩევნები დედაქალაქში პირველივე ტურში დასრულდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კახი კალაძე NDI-ის კვლევის შედეგებს.

„NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. თუ გადავხედავთ ისტორიას 2012 წლიდან, რაც ჩართული ვარ პოლიტიკაში, არც ერთი კვლევა, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ იყო ჩატარებული, შედეგებს არ ემთხვეოდა. ზოგადად, როდესაც კვლევები კეთდება, საუბრობენ 2-4%-იან ცდომილებაზე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი იქნება გამოკითხული. თუმცა ეს კვლევები, აბსოლუტურად ყველა, იყო ცდომილებაში. ეს კვლევები სხვა რამეს უკავშირდება - მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ მეორე ტური გარდაუვალია. ეს ხდება ამ ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართულად, რაც არ არის რეალური და მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თბილისის და თბილისელების მხარდაჭერით, არჩევნები დედაქალაქში დასრულდება პირველივე ტურში. თუნდაც ის 30%, რაც მოცემულია კვლევაში მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მე იმედი მაქვს თბილისის და თბილისელების, რომ ჩვენ პირველივე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, NDI-ის კვლევები საინტერესო არ არის სწორედ მათი ცდომილებიდან გამომდინარე. „ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში NDI-ის მონაწილეობას მივესალმებით, თუმცა კვლევები იწვევს ძალიან ბევრ კითხვებს, ამ ორგანიზაციის განსაკუთრებით ქართული ოფისის დისკრედიტაციას და საქართველოს მოსახლეობისთვის, ქართველი ხალხსისთვის ამერიკა არის ერთი და არა ორი“, - დასძინა კახი კალაძემ.