მოსკოვი არ აჰყვება ემოციებს, აშშ-სთან მუშაობას განვაგრძობთ, რათა კომპრომისი გამოვნახოთ

მოსკოვი არ აჰყვება ემოციებს, აშშ-სთან მუშაობას განვაგრძობთ, რათა კომპრომისი გამოვნახოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი მიიჩნევს, რომ აშშ-ს ქმედებები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებს ანადგურებს.

„ის, რაც ხდება საღი აზრის ჩარჩოებში არ ჯდება. ამ კანონპროექტის ავტორები და სპონსორები ძალიან სერიოზულ ნაბიჯს დგამენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივის განადგურებისკენ“, - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი არ აჰყვება ემოციებს და განაგრძობს აშშ-სთან შედეგის მომტანი დიალოგის ფორმების ძებნას.

„ჩვენ არ ავყვებით ემოციებს. მუშაობას განვაგრძობთ, რათა კომპრომისი გამოვნახოთ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და აშშ-სთვის. კერძოდ, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და ა.შ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - დასძინა მან.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა. შემდეგ ეტაპზე კანონპროექტს აშშ-ს სენატი განიხილავს, რის შემდეგაც ის აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.