„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა„ქართველთა მარშის" იდეას მხარს უჭერს და „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს ინტერესებს ლახავს, ამაზე ქართველებს მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეთ.
გიორგი გაბედავა „ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენლის, რუსეთში მოღვაწე, შოთა აფხაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც აფხაიძე „ქართველთა მარშზე" საუბრისას აცხადებს, რომ „თუ საჭიროა, სისხლიც უნდა დაიღვაროს!".
„არავითარი სისხლისღვრა! „ქართველთა მარში" არის მშვიდობიანი მანიფესტაცია და აფხაიძისნაირი იდეოლოგიის ტიპები, რომლებიც მზად არიან ათასნაირი პროვოკაციისთვის, შორს უნდა იდგნენ „ქართველთა მარშისგან" და არ უნდა მიეტმასნონ მას!
ზოგადად, შოთა აფხაიძის შეხედულებები რუსეთთან დაკავშირებით და ის გეგმები რაც მას აქვს, ჩემთვის მიუღებელია. მას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგება ცოტა სხვანაირად წარმოუდგენია. მე არ მესიამოვნებოდა, რომ შოთა აფხაიძის იდეოლოგიის ადამიანს ჩემთვის მხარი დაეჭირა. შოთას პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით და რუსულ ფულთან დაკავშირებით ყველამ ვიცით და ის ამას არც მალავს.
რაც შეეხებათ „ქართველთა მარშის" ორგანიზატორებს, მათი უმრავლესობა ჩემი მეგობარია, ჩვენ საერთო აზრი გვაქვს. ამ საკითხზე ჩემი პოზიციაა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში და აქ ცხოვრობენ, ჩემთვის პრობლემას წარმოადგენენ ერთადერთ შემთხვევაში, თუკი ისინი არღვევენ კანონს და ჩვენს კულტურასა და ხალხს ცუდად ეხებიან. თუკი ადამიანი ჩამოდის ტურისტად, ან მუშაობს და პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, მე პირიქით, მხარს დავუჭერ მათ და გვერდში დავუდგები. მაგრამ, როდესაც ვიგებ, რომ ჩინელებმა რამდენიმეჯერ სცემეს ქართველი მუშები, არაბები ეჭვმიტანილნი არიან ქართველი ბავშვების გარყვნაში, ამაზე, რა თქმა უნდა, მკაცრი რეაქცია მექნება და ეს ჩემთვის მიუღებელია.
„როდესაც „ქართველთა მარში" გაიმართა, არ ვიმყოფებოდი თბილისში და ამიტომ ვერ მოვახერხე აქციაზე დასწრება. სურვილი მქონდა მარშში მონაწილეობა მიმეღო, როგორც რიგით მოქალაქეს და არა როგორც ორგანიზატორს", - განაცხადა გიორგი გაბედავამ.