იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში კომიტეტის როლთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში კომიტეტის როლთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა,  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის" მხარდაჭერით, გამართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის როლს ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში.

ღონისძიება  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კომიტეტის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული და კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით, უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები.

„ეს არის ერთ-ერთი ახალი და  საინტერესო გამოწვევა კომიტეტისთვის. ჩვენ სამოქმედო  გეგმაში, ამ საკითხზე გავაკეთეთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პროცესში და ამ საკანონმდებლო პროცესში სწორედ, ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული შეთახმებიდან გამომდინარე იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომელიც ოთხი წლის თავზე, პრაქტიკულად, ყველა, თითქმის, შესრულებული უნდა იყოს. პირველი პრეცენდენტები უკვე გვაქვს, ვხედავთ თუ როგორ უახლოვდება ჩვენი კანონშემოქმედებითი პროცესი ევროკავშირის დირექტივებს და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა მიმართებაში ვაკეთებთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ექსპერტიზას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მიმართულება. ჩვენ თავიდანვე დავუჭირეთ მხარი ამ კუთხით კომიტეტის შესაძლებლობების განვითარებს",- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

EU-UNDP-ის საპარლამენტო პროექტის მენეჯერის, სოფო გურულის განცხადებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა პარლამენტის როლის გაზრდა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტში გაფართოვდა იმ კომიტეტების წრე,  რომელთა როლი გადამწყვეტილი იქნება ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.

„ჩვენ ვმუშაობთ პარლამენტის სამოქმედო  გეგმაზე, სადაც გაიწერება ის საკანონმდებლო თუ საზედამხედველო აქტივობები, რაზეც თითოეულ კომიტეტს მოუწევს მუშაობა",-აღნიშნა სოფო გურულმა.

შეხვედრის მოდერატორი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

„დაიწყო ძალიან მნიშვნელოვნი ეტაპი, რასაც შესაბამისი დირექტივების იმპლემენტაცია, გათვალისწინება და ზოგადად სამართლებრივი სივრცის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ჰქვია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ზოგადად, პარლამენტის როლი. დიდი მადლობა  ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას დღევანდელი შეხვედრისთვის და იმ აქტიურობისთვის, რასაც ეს ორგანიზაციები ავლენენ ამ კუთხით ჩვენს მიმართ",-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეხვედრაზე გაიმართა პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: საქართველოს პარლამენტის საჭიროებათა ანალიზი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში და საქართველოს კორპორაციული კანონმდებლობის დაახლოება/აპროქსიმაცია ევროკავშირის სამართალთან. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, აგრეთვე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამის წარმომადგენლებმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის" ერთ-ერთი მიმართულებაა. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.