პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მოისმინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მოისმინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ ორგანული კანონების პროექტებზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მოისმინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.  

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარმოადგინა  ძირითადი არგუმენტები, თუ რატომ დაადო ვეტო პრეზიდენტმა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებში წარმოდგენილ ცვლილებებს.

მისი განმარტებით პრეზიდენტის შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესს და ასევე ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შემოთავაზებულ წესს ეხება. კიდევ ერთი შენიშვნა მერისა და გამგებლის არჩევნების დანიშვნის საკითხს შეეხებოდა, რომლის მიხედვით მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ცესკო ნიშნავს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება გააუარესებს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ამიტომ ის მიმართავს პარლამენტს, რომ ძალაში დარჩეს დღეს არსებული მოდელი და უარი თქვას კანონპროექტებით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენის შემდეგ ანა დოლიძემ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომლითაც ისინი პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს არგუმენტირებულად ხსნიდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შენიშვნებში წარმოდგენილი არ არის პრინციპული საკითხები, ყველა საკითხი არის ტექნიკური ხასიათის. ეკა ბესელიას თქმით „პრინციპული რაც იყო ის ჩვენ ოპოზიციის სასარგებლოდ დავთმეთ, ეს არის ძალიან დიდი ბონუსი, რომელიც ეძლევა ოპოზიციას, როდესაც მათი მერობის კანდიდატები იქნებიან პროპორციულ სიაშიც".

ეკა ბესელიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ამ შენიშვნებში ის არის, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ განხორციელებული ცვლილებები ხელს უშლის პროცესის უკეთ ორგანიზებას. ვეტოდადებული ცვლილება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შესახებ, არ უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს და ის ამოქმედდება თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ. ამდენად ის არავითარ კავშირში არ არის თვითმმართველობის არჩევნებთან.

წარმოდგენილი შენიშვნების ერთ-ერთი საკითხი ეხება საარჩევნო პროცედურებს. „მეც ვისურვებდი, რომ ზოგადად არჩევნების წინ არ იცვლებოდეს ხოლმე საარჩევნო ნორმები, თუმცა წუნდადებული და ხარვეზის მატარებელი ნორმების დატოვებას, უმჯობესია, რომ ის შეიცვალოს, რადგან უკეთესად მოხდეს საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება და ორგანიზება", განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ ასევე ისაუბრა ზოგადად ვეტოს, როგორც ინსტრუმენტის შესახებ და განაცხადა, რომ „ვეტო დიდი  მნიშვნელობის მოვლენაა და ის იშვიათად უნდა იყოს გამოყნებული, ასეთია ზოგადად ევროპული კულტურაც და ტრადიციებიც, რომ სახელების შეცვლის, ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის და სხვადასხვა არაპრინციპული დეტალების გამო ვეტოს გამოყენება,  მიმაჩნია, რომ აკნინებს ვეტოს შინაარსს და მანდატს. ის უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციას ეჯახება კანონი, ან რაიმე შემაკავებელი, გამაწონასწორებელი ბერკეტის გამოყენების აუცილებლობა დგება დღის წესრიგში. ეს პარლამენტია, საპარლამენტო რესპუბლიკის გაძლიერებისკენ არის ყველაფერი მიმართული და  საკანონმდებლო ორგანოში მეტისმეტი შემოჭრა მგონია ასეთი ტიპის ვეტოები",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მისაღებად მიიჩნია „შესყიდვების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების" ამოქმედების ვადის  20 ივლისის ნაცვლად კანონის გამოქვეყნებამდე გადაწევა.

კომიტეტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი პრეზიდენტის შენიშვნებს, რომლებსაც კომიტეტის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

საკითხის განხილვას პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სესიის ფორმატში განაგრძობს.