რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა   საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" და თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე იმსჯელა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ კომიტეტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო და ის არგუმენტები წარმოადგინა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა ორგანულ კანონზე და კანონპროექტებზე ვეტოს დადებისას იხელმძღვანელა.

ანა დოლიძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, წარმოდგენილ პაკეტში არის მრავალი ცვლილება, თუმცა, ერთერთი ყველაზე სერიოზული, მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, არის ცვლილება, როდესაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ერთმევა შვიდ ქალაქს.

 ანა დოლიძის განმარტებით, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება არის აშკარად გადამეტებული და არაპროპორციული ღონისძიება და ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა მისაღები, თუ იარსებებდა პრობლემატური სიტუაციის არსებითი გაუმჯობესების მკაფიო პერსპექტივა იარსებებდა. მისივე თქმით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა ქვეყანას უარყოფით შედეგს მოუტანს, მით უფრო, რომ თვითმმართველობის კუთხით აქამდე გადადგმული ნაბიჯების და იმ რეფორმების შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ" განახორციელა საქართველოს  მდგომარეობა და რეპუტაცია თვითმმართველობის და დემოკრატიის მიმართულებით საერთაშორისო წრეებში გაუმჯობესდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. მან ამ მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზეც გაამახვილა ყურადღება. „პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, ბუნებრივია, აქვს უფლება განახორციელოს რეფორმა საკუთარი შეხედულების მიხედვით, მაგრამ ეს რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე პრინციპს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი ანალიზის, დასაბუთებას, კვლევას და შესაბამის ხედვას,"-განაცხადა ანა დოლიძემ.

მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას, მომხსენებელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით იქმნება არათანაბარი გარემო, ქალაქს ეზღუდება შესაძლებლობა მიიღოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხა საკუთარი პრიორიტეტების დასაფინანსებლად და ქალაქებისთვის მაჟორიტარების დამატება საარჩევნო ხმის წონის თვალსაზრისით არსებულ უთანაბრობას ვერ აღმოფხვრის.

„საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებული და ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონის პროექტი, ნაცვლად შემდგომი დეცენტრალიზაციისა, მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცვლილებები მოკლებულია სისტემურ ანალიზს და რეფორმის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს არ წარმოადგენს,"-განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, მოტივირებული შენიშვნების სახით წარმოდგენილი კანონპროექტები, არსებული თვითმმართველი ქალაქების სტატუსის და  თვითმმართველ თემში გამგებლის თანამდებობის უცვლელი სახით შენარჩუნებას ითვალისწინებს.

მოტივირებული შენიშვნები თვითმმართველი თემის გამგებლისა და თვითმმართველი ქალაქის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას კვლავინდებურად პრეზიდენტის კომპეტენციად განსაზღვრავს.  

საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მოთხოვნების გათვალისწინება, რომლის თანახმად, ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მოხდეს ცვლილება, ხოლო იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია, ასეთი ცვლილება რეფერენდუმის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

არგუმენტირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ ანა დოლიძემ უპასუხა დეპუტატების მრავალრიცხოვან შეკითხვებს, სადაც გამოიკვეთა, რომ დეპუტატები წარმოდგენილ შენიშვნებს არ ეთანხმებიან.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობისა და განხილვის ვადებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, ეს პერიოდი კალენდარულად დაემთხვა საარჩევნო წელს.

„მე-9 მოწვევის პარლამენტი არჩეული იქნა გასული წლის ბოლოს. პრაქტიკულად, დეკემბერი მოვანდომეთ ბიუჯეტის განხილვას და დამტკიცებას. ზამთრის პერიოდიდან კი დაიწყო მუშაობა ამ საკითხებზე. ეს ბუნებრივად დაემთხვა არჩევნების წელს და აქ არ იყო ჩადებული რამე შორსმიმავალი გეგმა საარჩევნო ტრიუკებთან დაკავშირებით. ეს პერიოდი კალენდარულად დაემთხვა საარჩევნო წელს,"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

„საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით. მთელი რიგი საკითხები კონსტიტუციის რანგშია აყვანილი და ჩვენ ამ ცვლილებას ნუ შევხედავთ მხოლოდ ორგანული კანონის ფარგლებში. ჩემი თხოვნა და სურვილი იქნებოდა, თქვენს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებში საუბარი ყოფილიყო იმაზეც, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება" და მმართველი გუნდი კონსტიტუციის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესების მხრივ,"-განაცხადა პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი  ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო მდივნის განცხადებას იმის თაობაზე, რომ  „ქართული ოცნება" მის მიერ მიღებულ რეფორმას ცვლის. „ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვფიქრობთ და მუდამ ვაკონტროლებთ იმ საკითხებს, რა ცვლილებებიც განვახორციელეთ და გვსურს განვავითაროთ,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ზაზა გაბუნიას მოსაზრებით,  ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ცვლილებები სწორედ მართვის ეფექტიანობაზეა ორიენტირებული და მოქნილი მმართველობა ნიშნავს სწორედ მოსახლეზე მორგებულ პოლიტიკას.

მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს დარგის ექსპერტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატებს თვითმმართველობის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკუთარი შემოსავლების კუთხით არსებული მზარდი სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მისი განცხადებით, საკუთარი შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ყველა მუნიციპალიტეტში, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ადგილზე დარჩა გადასახადები და ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნესის ზრდასთან ერთად უფრო მეტი საწარმო შეიქმნა და უფრო მეტი გადასახადი იქნა გადახდილი და სათემო შემოსავლები მნიშვნელოვნად აჭარბებს ქალაქის შემოსავლებს. „ამ სტატისტიკის გათვალისწინებითაც, ჩანს თუ რა სიკეთის მიღება შეუძლიათ ქალაქებს თემებთან გაერთიანებებით."-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით  გამოთქვა მოსაზრებები. მისი განცხადებით, ხელისუფლების მიზანია თვითმმართველობის განვითარება და მისი ქვედა დონეზე დამკვიდრება და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია სოფლებში ტერიტორიული ორგანოების შექმნის ინიციატივა. „მეტი თვითმმართველობა ხალხს, არის ჩვენი მიზანი, ანუ თვითმმართველობების ჩატანა ქვედა დონეზე. სწორედ ამ მიზნისთვის შემოვიდა ტერიტორიული ორგანოს ცნება, რომელიც ჩანასახია იმ ნაბიჯებისა, რომელიც მომავალში უნდა გადაიდგას,"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის განვითარება არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენ ქალაქს ექნება თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მისივე განცხადებით, დეცენტრალიზაციის გეგმასთან დაკავშირებით შეიქმნება მუშა ჯგუფი და გადაწყვეტილებები დეცენტრალიზაციის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის თაობაზე საერთო განხილვის შედეგად იქნება მიღებული.

„ჩვენ ვკამათობთ ისეთ ღირებულებებზე, რომელიც უკავშირდება თვითმმართველობის განვითარებას და ეს უკვე დემოკრატიული პროცესების გაღრმავების ტენდენციაა და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მე ვფიქრობ, მომავალში კარგი შედეგები გვექნება და ჩვენ ამ რეფორმაზე არ გავჩერდებით,"

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის არც ერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა.