საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

დღეს სასტუმრო ,,ROOMS“ - ში  საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსნა. ღონისძიებას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკონსულტაციო საბჭო ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებული სათათბირო ორგანოა და მის ფუნქციას ვაჭრობის  საკითხებზე წინადადებების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს. ღონისძიებაზე  საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია და  განიხილა ჩინეთთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხები. შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ საკუთარი პრობლემები და ინიციატივები გაეცნოთ საკონსულტაციო საბჭოსთვის.  საბჭოს შემადგენლობაში 25 ასოციაციაა, სადაც გაერთიანებულები არიან მსხვილი და   დარგობრივი ბიზნეს ასოციაციები.

როგორც მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა, მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე მათი პრობლემების სახელმწიფომდე მიტანას.

,,აღნიშნულ ფორმატში ჩვენ  განვიხილეთ სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები  და ინიციატივები, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ინიციატივები და სიახლეები, რომელსაც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს,  განიხილება და ხდება შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. დღევანდელი სხდომის ძირითადი მიზანი იყო საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევა,  დღევანდელი დღე ასევე დაეთმო საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  განხილვას“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრის ფორმატი იყო.  მოწვეული იყო ყველა ასოციაცია, რომელიც  პირდაპირ უკავშირდება ექსპორტ-იმპორტს და სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთთან, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე  საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო აწარმოებს მოლაპარაკებას ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე. ვფიქრობ, რომ მსგავსი საბჭოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ბიზნესების რეალური პრობლემების ამოწევას და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას“ - აღნიშნა  ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტის,  მიხეილ ჭელიძის შეფასებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  „ამ საბჭოში არის ბევრი სექტორული  ასოციაცია. აქ მოხდება  პრობლემის იდენტიფიცირება, შემდეგ ეს პრობლემა გაიშლება, დამუშავდება, ჩაერთვება კვლევის კომპონენტები და ეკონომიკის სამინისტროს  წარედგინება რეკომენდაციები, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები და ინიციატივები შევიდეს კანონმდებლობაში“ - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.