პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტის „პოლიტიკური პროცესების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, 2016 წ. დეკემბერი - 2017 წ. ივნისის პერიოდის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.
მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისს თანამშრომლობისთვის და იმ ახალი სტანდარტის დამკვიდრებაში ხელშეწყობისთვის, რომლითაც საპარლამენტო მუშაობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხაზგასმა ხდება.
„მადლობა NDI-ის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლობას იმისთვის, რომ ჩვენ, ტრადიციულად, ანგარიშების საჯაროობით და ანგარიშების წარდგენის ფორმით ვახდენდით საპარლამენტო მუშაობის ღიაობის, საპარლამენტო მუშაობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტის ხაზგასმას. ეს სტანდარტი ჩვენ დავამკვიდრეთ 2013 წლიდან. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო ფორმა იმისთვის, რომ ყველა კომიტეტმა, მთლიანად პარლამენტმა, როგორც საკანონმდებლო და საკონტროლო ფუნქციის მატარებელმა ინსტიტუტმა აჩვენოს მისი ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გახსნილობის ძალიან მაღალი სტანდარტი",-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, NDI-ის ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობის ფარგლებში, წინა მოწვევის პარლამენტშიც, ანგარიშების წარდგენა ხდებოდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, რა დროსაც ხდებოდა ამომრჩევლების ინფორმირება კომიტეტის საქმიანობის შესახებ.
„ამ პროცესში ჩნდებოდა ღირებული რეკომენდაციები, ღირებული მოსაზრებები, სურვილები და ამ თანამონაწილეობით უმჯობესდებოდა სტანდარტი. ვფიქრობთ, რომ ახალ პარლამენტში, სადაც ახალი გამოწვევები და ბევრი სიახლეა, ეს ფორმატი მხარდაჭერილი იქნება. ბევრი ჩვენი კოლეგა აპირებს, რომ სწორედ ასეთი ღიაობის და ანგარიშვალდებულების ტესტი ჩააბაროს საზოგადოებას",-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ღონისძიება NDI-საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმ აგახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ მიმართეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მუშაობა, ვინაიდან მისი საქმიანობა ეხება არა მხოლოდ იმ საკითხებს, რომელსაც ის, როგორც წამყვანი კომიტეტი კურირებს, არამედ გამორჩეული და ხაზგასასმელი ამ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა.
„მისასალმებელია ის ფორმა, რომლითაც კომიტეტი საზოგადოებას საკმაოდ ინტენსიურად მიმართავს თავისი ანგარიშებით. ასევე, მისასალმებელია NDI-ის მონდომება, რომ კომიტეტს, პარლამენტს აღმოუჩინოს დახმარება ამ თვალსაზრისით",-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნამდვილად არის საქართველოს პარლამენტის „სიმძიმის ერთ-ერთი ცენტრი", სადაც კანონშემოქმედებითი პროცესის ძირითადი ნაწილის თავმოყრა ხდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია მივიღოთ ისეთი კანონები, რომელიც საზოგადოებას, ხალხს რეალურ ცხოვრებაში გამოადგება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს და უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას თითოეული ადამიანისა და ოჯახისთვის",-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მომართვიანობა პარლამენტისადმი და განსაკუთრებით იურიულ საკითხთა კომიტეტისადმი სამჯერ გაიზარდა წინა ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებაში პარლამენტის მიმართ მოლოდინი არის მაღალი, ვიდრე ეს ადრე იყო.
„როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ყველაზე უკეთ ორგანიზებული სამუშაო პროცესის მქონე კომიტეტი, რომელიც აჩვენებს დაგეგმვის და ამ გეგმების განხორციელების საკმაოდ მაღალ სტანდარტს. გამოვყოფდი კომიტეტის ურთიერთობას და თანამშრომლობას საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, უფრო აქტიურ დისკუსიას საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, ახალი ფორმატების შექმნას და ზოგადად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის უფრო აქტიურად გამოყენებას საქმეში"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში წარადგინა.
მისი განცხადებით, კომიტეტმა პირველად შეიმუშავა და დაამტკიცა კომიტეტის სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. პროცესი განხორციელდა „ადამიანის უფლებები ყველასათვის" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობის უკეთ დაგეგმვის მიზნით, სტრატეგიაში გაიწერა საქმიანობის მიმართულებები, ესენია: კანონშემოქმედებითი საქმიანობა; საზედამხედველო საქმიანობა; წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში; კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა, ღიაობა და ანგარიშვალდებულება; კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა.
ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის მიმართულებების სტრატეგიულ მიზნებზე. მისი განცხადებით, კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის სტრატეგიული მიზნებია: საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ღირებულებებზე დაფუძნებული კანონმდებლობის მიღება; საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიღწევა; კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფა და საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა.
კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობაზე საუბრისას, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კომიტეტის დასკვნების ხარისხი ძალიან გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წ. დეკემბრიდან 2017 წ. ივნისის ჩათვლით კომიტეტმა 57 კომიტეტის სხდომა ჩაატარა და განიხილა 63 საკანონმდებლო ინიციატივა, აქედან 263 ძირითადი და გამომდინარე კანონპროექტებია, ხოლო 41 საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული იყო 58 კანონპროექტი და 15 საკანონმდებლო პაკეტი.
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით გატარდა სასამართლო რეფორმა, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა და საგაზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა.
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს შორის არის: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მიღება; „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი; საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და სხვა.
ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, რაც ახალი გამოწვევაა პარლამენტისთვის. „ამ ფუნქციის განხორციელება პირველად დავიწყეთ 2013 წლიდან, როდესაც სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის ფორმატი შევცვალეთ და პირველად დაიწყო პარლამენტმა რეკომენდაციების მიღება",-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გეგმის სტრატეგიულ მიზნებზე საუბრისას, ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.
2017 წელს შედგა პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში 2016 წელს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.
2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე შედგა პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა გაეროს შესაბამისი სახელშეკრულებო კომიტეტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში.
ანგარიშის თანახმად, კომიტეტმა აღნიშნულ პერიოდში განიხილა: პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ანგარიში; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის ანგარიში და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის ეფექტური იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის საქმიანობა ხორციელდება გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მხარდაჭერით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, შესაბამისი სამინისტროების, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. საბჭოს ეგიდით, ტარდება რეგიონული შეხვედრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მათი ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით აღნიშნულის კანონის იმპლემენტაციის საკითხებზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2012 წლიდან 2017 წლის ივნისამდე კომიტეტში შემოსული კორესპოდენციის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ეკა ბესელიამ კომიტეტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომიტეტი გეგმავს:
სასამართლო რეფორმის გაგრძელებას ახალ ფორმატში (სასამართლოს განტვირთვა, დისციპლინური სამართალწარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა);
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ახალი რეგულაციების შემოღებას (კომპიუტერული მონაცემების ფიქსაცია, დამაგრება);
ნარკოპოლიტიკის რეფორმას;
ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განხილვას;
„ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებებს;
საპარლამენტო ღიაობის ფორმატში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების, კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) უკუკავშირის მექანიზმის დანერგვასა და შემუშავებას.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ კომიტეტი ყველაფერს აკეთებს იმ სტანდარტით, რაც მას დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება. მან ყურადრება გაამახვილა საკანონმდებლო მუშაობის სფეროში ზედამხედველობის განხორციელებაზე. საზოგადობასთან კომიტეტის ურთიერთობაზე საუბრისას, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტში მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობის წერილები შედის. „ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ არა მხოლოდ სწორად გადავამისამართოდ კონკრეტული მოთხოვნა, არამედ ვიცოდეთ, თუ რა კონკრეტული რეაგირება მოჰყვა მოქალაქეების წერილებს. ვფიქრობ, რომ მომავალ ანგარიშებშიც საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენი კომიტეტის მუშაობა ამ კუთხითაც ეფექტურია",-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.
ღონისძიებას, ასევე დაესწრნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, კომიტეტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ანრი ოხანაშვილი და გიორგი ხატიძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.