განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება 2018 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდება. ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე, 24 საათიანი დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სამართლებრივი რეგულირებისათვის საჭირო პროცედურების დასრულება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოხდება.

აღნიშნული ცვლილება  „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"  კანონში შედის. კანონპროექტი დღეს გამარტივებული წესით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა განაცხადა,  სააღმზრდელო დაწესებულებების პირველადი შეფასებით გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს 24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებები, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია. მისი თქმით, ასეთი დაწესებულებები არ ხვდებიან „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დანართში იმ სკოლათა ჩამონათვალში, რომელთაც აქვთ პანსიონური მომსახურების განხორციელების უფლება ლიცენზიის აღების გარეშე.

„ვინაიდან აღნიშნულ დაწესებულებებში განათლებას იღებენ არასრულწლოვნები, მნიშვნელოვანია, სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე, არ დაირღვეს მათი განათლების უფლება და ასეთი დაწესებულებებისთვის კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების გადავადების პერიოდი გახანგრძლივდეს 2018 წლის პირველ სექტემბრამდე", - განაცხადა მომხსენებელმა. მისი მოსაზრებით, ამ ცვლილებით დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა შესაბამისი სამართლებრივი რეგულირებისათვის საჭირო პროცედურები დაასრულონ 2018 წლის პირველ სექტემრამდე. ვადის ცვლილებით შესაძლებელი გახდება არსებულ სკოლა- პანსიონებში მცხოვრები მოსწავლეების და ბენეფიციარების საჭიროებების გამოკვეთა და იმ დაწესებულებების საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება, რომელთაც არ აქვთ ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიციატორს ჰქონდა კონსულტაცია როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. „კანონპროექტი ემსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებად დაწესებულებებში ბავშვთა ინტერესების დაცვას, რომ მათი განათლების უფლების განხორციელების შეფერხება არ მოხდეს და ასეთ დაწესებულებებს ეძლევათ დამატებით 1 წელი, რომ სისრულეში მოიყვანონ კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტები", -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

დღესვე,  კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე ქართველი მოსწავლეების წარმატებების შესახებ. „ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებიდან ჩამოიტანეს 12 მედალი, რაც 3 წელიწადში ერთად არ ხდებოდა", -განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.