ძველი თბილისის სამმართველოში პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ოთარ კახიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ძველი თბილისის სამმართველოში პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ოთარ კახიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

კახიძე საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. საქმე ეხება 23 ივლისს გამართულ აქციაზე ოთარ კახიძის მიერ ”შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის” დარღვევას, რადგან გამართულ აქციაზე ოთარ კახიძე მის კუთვნილებაში არსებული იარაღით გადაადგილდებოდა.

კახიძის განცხადებით, სამართალდამცავები მასთან მიმართებით კანონის შესაბამისად ახდენენ რეაგირებას. მან კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, თუ რის გამო ჰქონდა აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღი.

”ზოგადად იარაღს ვატარებ, მაგრამ არ უნდა მქონოდა აქციაზე. პოლიცია კანონის შესაბამისად ახდენს რეაგირებას და მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი გამოკითხვაზე. არსებულ ინფორმაციას მივაწვდი სამართალდამცველებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მათ მხოლოდ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია აქვთ”, - აღნიშნა ოთარ კახიძემ გამოკითხვაზე შესვლის წინ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის 12-ე პუნქტის შესაბამისად დაიწყო.