ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

პრეზიდენტმა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის შესახებ დააკმაყოფილა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე. მოგეხსენებათ, სხვა საკითხებთან ერთად, სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გაითვალისწინოს თვითმმართველობის მნიშვნელობა, ნუ შეაფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას", - განაცხადა მიშველაძემ.

პარლამენტმა პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა.

აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი - ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.