ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამკაციანი სიის წარსადგენად ქვეყნის შიგნით დღეს კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია, რაც შეეხება კიდევ ორ წარდგენილ კანდიდატურას, სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა არის ხანმოკლე.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოში კანდიდატთა სია სამი პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი - შოთა გეწაძის და სოფიო ჯაფარიძის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება.
ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შეტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ.
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი 1 მაისს შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ − სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა.
მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია: ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.