ოთარ კახიძე ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს

ოთარ კახიძე ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთარ კახიძე, დღეს შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად დაიწყო.

„ოთარ კახიძის გამოკითხვის შედეგად, შედგება სამართლებრივი ოქმი, რომელიც შემდგომ სასამართლოს წარედგინება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ოთარ კახიძის გამოკითხვა დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

„პალიტრავიდეოს“ მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ აღმაშენებლის გამზირზე 23 ივლისს გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით გადაადგილდება. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.