მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. როგორც ჩანს, ასაკმა არ შემიწყო ხელი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ განუცხადა.
შოთა გეწაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს, შოთა გეწაძესთან მიმართებაში კი ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ არის ახალგაზრდა და მას ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს.
”ბატონ ლადოს წარმატებებს ვუსურვებ. ვწუხვარ ჩემთან და ქალბატონ სოფოსთან დაკავშირებით, თუმცა, ეს არის ფაქტი. მრჩეველთა პანელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე რამდენადაც ვიცი, ევროპული სასამართლოს ისტორიაში რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, როდესაც 34, 35, 36 წლის ასაკის ადამიანები დაუნიშნავთ მოსამართლედ. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის საჯარო ინფორმაცია, ევროპული სასამართლოს საიტზე არის ყველა მოსამართლიოს ბიოგრაფია და თუ ელემენტარულ მათემატიკას მოვიშველიებთ და გამოვაკლებთ ასაკს ნამუშევარ წლებს, მივხვდებით, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ამ ასაკის მოსამართლეები დანიშნულან. მაგრამ, ეს არ არის კანონი, ამ შემთხვევაში, პანელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. სხვას ვერაფერს ვერ ვიზამთ”, - განაცხადა შოთა გეწაძემ.
ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს, - შესაბამისი დასკვნა საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს კოლეგიისგან მიიღო.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს და მასთან გასაუბრება სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაგრძელდება.
რაც შეეხება კიდევ ორ წარდგენილ კანდიდატურას, სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, წულუკიანის განმარტებით, ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა არის ხანმოკლე.