”ქართული ოცნების” დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლქტების ახალ წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის არგუმენტები და მოტივირებული შენიშვნები გაუგებარია.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მიიღო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ შეეხება და აღნიშნული ცვლილება მოგვიანებით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
”ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა მიბმული, თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ შეიცვლება. ამიტომ პრეზიდენტის არგუმენტი სრულიად გაუგებარია. ყველა სხვა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში აისახა არის ტექნიკური, საორგანიზაციო და საარჩევნო პროცესის მომწესრიგებელი”, - აღნიშნა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდა ამისა, როგორც დეპუტატი აცხადებს, კარგია მრავალპარტიულობა და პლურალიზმი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცესკო სამართლიანი წესით კომპლექტდებოდეს.
”დაკომპლექტების წესი პირველ რიგში დამყარებული უნდა იყოს ლოგიკასა და სამართლის პრინციპზე”, - აღნიშნა ბესელიამ.
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ სამ საკანონმდებლო პროექტს ვეტო დაადო . აქედან ერთ-ერთი ვეტო უკავშირდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ იმ ცვლილებას, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი იცვლება. ასევე, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესიც.