დღეიდან საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება იწყება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამ განუცხადა, პატრულირებას კონკრეტულად არც ერთი ორგანიზაცია არ ახორციელებს და ეს არის რიგითი მოქალაქეების ინიციატივა.
”პატრულირება იქნება მუდმივი. ეს არ იქნება ერთჯერადი ან თუნდაც ერთკვირიანი აქცია. პატრულირების მიზანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ რუსი მესაზღვრეების, ოკუპანტების საინჟინრო ჯგუფების დროული აღმოჩენა, დროული განგაშის ატეხვა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროული და აქტიური მიწოდება. ასევე, მაქსიმალური დისკომფოტის შექმნა რუსეთისთვის იმაში, რასაც ისინი ოკუპაციის პერიოდში აწარმოებენ. ჩვენი პატრულირება იქნება ყოველდღიური 24-საათიან რეჟიმში ვიქნებით წარმოდგენილები. სამშაბათს გამოდის პატრულირებაზე პირველი სამკაციანი ჯგუფი, უკვე ოთხი ჯგუფი არის მზად იმისთვის, რომ ყოველდღე ერთმანეთს ჩაენაცვლონ და როტაციული პრინციპით იმოქმედონ საზღვარზე”, - განაცხადა ქაცარავამ.
მისივე თქმით, პატრულირება შეთანხმებულია სამართალდამცველებთან და ხელისუფლებაც საქმის კურსშია.
”ჩვენ ჩვენს ქმედებას და გადაადგილებას ვუთანხმებთ სამართალდამცავებს, რომლებიც დგანან საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, შესაბამისად, ჩვენი მოქმედება არის მკაცრად კოორდინირებული და შეთანხმებული ძალოვან სტრუქტურებთან.
ეს არის სამოქალაქო მოძრაობა, არ არის ორგანიზაცია. ეს არის რიგითი მოქალაქეების ინიციატივა, რომლებიც აპირებენ სახელმწიფოს, მთავრობას გვერდში დაუდგნენ და დაეხმარონ იმ პროცესების მართვაში, რასაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია ჰქვია”, - განაცხადა ქაცარავამ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პატრულირება ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე განხორციელდება.