ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება გააკეთა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება გააკეთა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს საპასუხოდ, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა განცხადება გააკეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქართველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე და ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეს მოუწოდა, არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლის გასაძლიერებლად.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

„ქართველმა დიპლომატმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ასევე ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ახალ ფორმაზე, რაც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, გალის რაიონის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას დაურიგონ უცხოელებისა და იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ე.წ. ბინადრობის მოწმობები და აღინიშნა, რომ ძირძველი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად გამოცხადება საკუთარ მიწა-წყალზე, მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას ემსახურება.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს 2018 წელს ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ორგანიზაციის როლის გაძლიერება ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. სხდომას ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლის გარდა ესწრებოდნენ ეუთო-ს ახლადდანიშნული გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი და ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.