იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა

იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა

იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სნოში, სასტუმროს გახსნისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, რწმენას ჩვენი ერისთვის მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არ აქვს. ”დღეს პატრიარქმა თავის სახლში დაგვპატიჟა. სასტუმროს გახსნა სიმბოლურია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ეს პატრიარქის სამშობლოში ხდება, იქ, სადაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გაიზარდა და ყრმობა გაატარა. ჩვენ ასევე მომსწრე ვართ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნების გამოცემის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აღწერს. ძალიან კარგად მახსოვს 1977 წლის 25 დეკემბერი, მე მქონდა ბედნიერება მისი უწმინდესობის აღსაყდრებას დავსწრებოდი. მაშინ 10 წლის ვიყავი. მას შემდეგ ოთხი ათწლეული გავიდა და მინდა როგორც ერთმა ადამიანმა, ქრისტიანმა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას იმისთვის, რომ უამრავ ქარტეხილში მან ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი. საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებითვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის. ჩვენი პატრიარქის სიტყვის განსაკუთრებული ძალის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ სწორედ ეს სასტუმრო, რომლის გახსნასაც დღეს ჩვენ ვესწრებით. მინდა პირველ რიგში, დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში”, - განაცხადა გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი მოგება საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება. მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს დასრულედება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რაც სტეფანწმინდას, სნოს და მთელს რეგიონს ზამთრის კურორტად აქცევს.

კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წლისათვის დაიწყება მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2020 წლსითვის ექსპლუატაციაში შევა.