უპრეცედენტოა კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც ოკუპაციასთან მიმართებაში გამოიხატება

უპრეცედენტოა კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც ოკუპაციასთან მიმართებაში გამოიხატება

უპრეცედენტოა კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც გამოიხატება ოკუპაციასთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინიციატივაში გაწერილია რიგი ღონისძიებებისა, რომელიც საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებით მხარდაჭერას უცხადებს. დეპუტატის შეფასებით, ყოველივე ეს შეერთებული შტატების მკაფიო პოლიტიკას გამოხატავს, როგორც ოკუპაციასთან, ისე მის პარტნიორ ქვენასთან, საქართველოსთან მიმართებაში.

”უპრეცენდენტოა კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც გამოიხატება ოკუპაციასთან მიმართებით. ასევე მთელი რიგი ღონისძიებია გაწერილი, რომელიც საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებით უცხადებს მხარდაჭერას. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოხატავს შეერთებული შტატების მკაფიო პოლიტიკურ დამოკიდებლებას ოკუპაციასთან და თავის პარტნიორ ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებით”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

აშშ-ს კონგრესის საიტზე ვაშინგტონის მიერ რუსეთის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოქვეყნდა, რომელსაც კენჭი 25 ივლისს უნდა ეყაროს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.

კონგრესი რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას აკისრებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე. კონგრესი მოუწოდებს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას: გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან; დაუბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიების საზღვრებზე ამ ქვეყნების შესაბამის ხელისუფლებებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოს და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. კონგრესის აზრით, აშშ-მ უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირთან, როგორც პარტნიორმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ, მოახდინოს დახმარების პროგრამების კოორდინირება და სხვა ძალისხმევა მიმართოს რუსეთთან დაკავშირებით.

კანონპროექტში „საკოორდინაციო დახმარება და ევროპასა და ევრაზიაში დახმარების შესახებ“ თავში აღნიშნულია, რომ 2018-19 ფინანსური წლების განმავლობაში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგო ფონდში გამოიყოფა 250 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიზნის მისაღწევად. ჩამონათვალშია იმ ქვეყნების დახმარება, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ან ევროკავშირის გაფართოების საქმიანობაში მონაწილეობენ, მათ შორის ალბანეთისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს, მაკედონიის, მოლდოვის, კოსოვოს, სერბეთისა და უკრაინისთვის. ასევე, საუბარია რეაგირებაზე იმ ჰუმანიტარულ კრიზისთან და არასტაბილურობასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ან გაღრმავებულია საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრით.