სასტუმრო „სნოს“ მთელი მოგება საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება

სასტუმრო „სნოს“ მთელი მოგება საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება

ჩვენი პატრიარქის განსაკუთრებული ძალის ერთ-ერთი გამოხატულებაა სწორედ სასტუმრო ”სნო”, რომლის გახსნასაც დღეს ვესწრებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სნოში, სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს და ყველა იმ პირს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა და აღნიშნა, რომ ამ სასტუმროს გახსნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობისთვის.

გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა. კერძოდ, კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობის დასრულებაზე და ასევე მომავალი წლიდან მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობაზე.

”მნიშვნელოვანია ის, რომ სასტუმროს მთელი მოგება საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წელს დასრულდება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რაც სტეფანწმინდას, სნოს და მთლიანად ამ რეგიონს უკვე ზამთრის კურორტად აქცევს, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი სასტუმრო რესურსი, რომელიც აქ არსებობს, პირდაპირ მიებმება გუდაურის პოტენციალს. მომავალ წელს დაიწყება მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობაც, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება და 2020 წლისთვის ექსპლუატაციაში შევა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.