აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტის გათავისუფლებას მოვითხოვთ

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტის გათავისუფლებას მოვითხოვთ

აზერბაიჯანი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც სიტყვისა და მედიის თავისუფლების დონე ძალიან დაბალია, - განაცხადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ აზერბაიჯანის საელჩოს წინ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

„დღეს ჩვენ მოვითხოვთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც სიტყვისა და მედიის თავისუფლების დონე ძალიან დაბალია. დღეს აზერბაიჯანში მედიის ნაწილი გაჩუმებულია პრეზიდენტის ფონდიდან დახმარების მიღების გამო, ზოგიერთ ჟურნალისტს ბინებს გადასცემენ და ამით მათ მოსყიდვას სცდილობენ. ხოლო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მოსყიდვაზე უარს ამბობენ და თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ, აპატიმრებენ. ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისში იყო გატაცებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, „აფგან მუხთარლი არ არის ერთადერთი ასეთი ჟურნალისტი“.

„ათეულობით ჟურნალისტია აზერბაიჯანში დაპატიმრებული. ჩვენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტის გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - დასძინა მან.